ჩვენ შესახებ
ჩვენ Seeვრცელები ვართ!
2023 წლის ნოემბერში, ალექსანდრე ფასიეშვილის ინიციატივით ინოვაციური სივრცის შექმნა დაანონსდა და ნოემბერშივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომლექტებულმა გუნდმა დააფუძნა პლატფორმა “Seeვრცე,” რომლის მიზანი საერთო ინტერესის მქონე სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება იყო. პლატფორმის შექმნამ უამრავი სტუდენტის ინტერესი მიიპყრო და მას მალევე შემოუერთდა 100 -ზე მეტი ახალგაზრდა. ინიციატივის ორგანიზებით, ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება, დაიგეგმა პროექტები და გაცნობითი შეხვედრები.
2024 წლის 2 აპრილს “საქართველოს ახალგაზრდული სივრცე“ ოფიციალურად ორგანიზაციად დარეგისტრირდა და დღეს ის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. საიდენტიფიკაციო ნომერი: 400389450

საქართველოს ახალგაზრდული სივრცე
ორგანიზაციის მისია
საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონტრიბუციის ზრდა და სამუშაო ძალაში მათი მონაწილეობის ამაღლება.
ორგანიზაციის ხედვა
ჩვენ გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ ძლიერი, კვალიფიციური, შემოქმედებითი და განათლებული ახალგაზრდების ჩამოყალიბებას, რომლებიც საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას წარმართავენ.
ორგანიზაციის მიზნები
1) საერთო ინტერესის მქონე ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშეწყობა;
2) ახალგაზრდების დახმარება სოციალური კაპიტალის შეძენის პროცესში და ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
3) ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების, მათი გაძლიერების ხელშეწყობა;
4) ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, ორგანიზაციის მხრიდან მათთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარ – ჩვევების განვითარების, სამუშაო და პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზების გზით.
ორგანიზაციის საქმიანობა
სივრცე ახალგაზრდებს სთავაზობს მხარდამჭერ, შთამაგონებელ და შესაძლებლობებით სავსე გარემოს, რომელიც დაეხმარება მათ, რომ მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდნენ არაერთი მიმართულებით. ჩვენი აქტივობები მოიცავს კონფერენციებს, სემინარებსა და ტრენინგებს, კონკურსებსა და პროექტებს, ზაფხულის შემოქმედებით ბანაკებსა და სხვა ახალგაზრდებზე ორიენტირებულ აქტივობებს.
